კელი დეგნანი - კარგია, რომ ქართული კომპანია ცდილობს, წვლილი შეიტანოს პლანეტის გადარჩენაში და გამოასწოროს ეკოლოგიური ვითარება, აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსთავში, ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიის, „კავკასფექშის“ მუშაობის პროცესს გაეცნო.
როგორც დეგნანმა ადგილზე ყოფნისას განაცხადა, კომპანია ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს პლანეტის გადარჩენაში და გამოასწოროს ეკოლოგიური ვითარება.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს.
„არაჩვეულებრივი დღე მქონდა რუსთავში. შევხვდი სამთავრობო წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მოძრაობა „გავიგუდეს“, რომელიც აქტიურად მუშაობს ჰაერის დაბინძურების საკითხებზე და ამ პრობლემის გადაჭრაზე. ახლა კი ვიმყოფები ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოში, „კავკასფექში“ და ვეცნობი ამ კერძო საწარმოს, რომელიც ეკოლოგიური გათვლების მქონე ქართული კომპანიის შესანიშნავი მაგალითია. მისი პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე აშშ-ში, კანადაში. მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მხარი დაუჭირა და დაეხმარა „კავკასფექს“ სხვადასხვა აღჭურვილობის უზრუნველყოფით, რამაც მათ საშუალება მისცა, 20 პროცენტით გაეზარდათ პროდუქცია, ასევე დაეხმარა, 20 პროცენტით შეემცირებინათ საწვავის მოხმარება. შესაბამისად, გამონაბოლქვიც მნიშვნელოვნად შემცირდება. ძალიან კარგია, რომ ქართული კომპანია ცდილობს, საკუთარი ძალისხმევით გახდეს თანამდეროვე და ენერგოეფექტური, საკუთარი წვლილი შეიტანოს პლანეტის გადარჩენაში და გამოასწოროს ეკოლოგიური ვითარება. აშშ მოხარულია, რომ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს. ჩვენ ვმუშაობთ კერძო კომპანიებთან ერთად და ვეხმარებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. აქ ასი სამუშაო ადგილია, დასაქმებულთაგან 40 პროცენტი ქალია. კარგი გასამრჯელოს მქონე სამუშაო ადგილების შექმნა კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე ეკოლოგიისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსთავში, ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერა.