კელი დეგნანმა რუსთავში, ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერა [ფოტო]
კელი დეგნანმა რუსთავში, ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერა [ფოტო]

რუსთავში, ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიას „კავკასფექი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი – კელი დეგნანი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, საწარმო ასევე დაათვალიერეს USAID საქართველოს ოფისისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმაც.

კელი დეგნანი და USAID-ის დელეგაცია გაეცნენ უახლესი აღჭურვილობის მუშაობის სისტემას, დაესწრნენ ექსპორტის პროცედურებს, დაათვალიერეს აღნიშნული საწარმო და უკვე წარმოებული პროდუქტი.

როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ამირან ცერცვაძემ განაცხადა, საკვები და არასაკვები პროდუქტებისთვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტიკის შესაფუთების შექმნა და მისი ექსპორტზე გატანა, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის გზით, არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

ამასთან, როგორც კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში (The USAID ECONOMIC SECURITY PROGRAM), კომპანიამ წარმადობის ზრდისთვის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

„USAID-ის პროგრამამ კონკურსის თანახმად, კომპანიას შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული წარმადობის ზრდა და ენერგოეფექტურობა წარმატებით განხორციელდა.

კომპანია „კავკასფექის“ მიერ წარმოებული პროდუქტი მარაგდება მსოფლიოს ისეთი ქვეყნების ბაზრებზე, როგორებიცაა: აშშ, კანადა, პანამა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. მეტიც – იგი საქართველოდან შესაფუთი საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორია აშშ-ში, WALLMART-ის სუპერმარკეტების გიგანტურ ქსელში.

კომპანია სერტიფიცირებულია ISO და BRC-ის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატებით, მასში დასაქმებულია 110 თანამშრომელი. „კავკასფექის“ უახლოესი სამომავლო გეგმებია საექსპორტო ბაზრების გაფართოება, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის გატანა. ეს არის საწარმო, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ პლასტიკი არ იყრებოდეს ბუნებაში, არამედ ხდებოდეს მისი შეგროვება-გადამუშავება“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.