კელი დეგნანი - დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ და მხარს დაგიჭერთ იმ მძიმე შრომაში, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება
დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ და მხარს დაგიჭერთ იმ მძიმე შრომაში, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და აღნიშნა, რომ ქართველებს კანდიდატის სტატუსისთვის ერთობლივად მუშაობა მოუწევთ.
„ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ. ეს, ცხადია, რთული პროცესია, რომელშიც ყველა ქართველს მოუწევს ერთობლივი მუშაობა, რათა აჩვენოს წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო ნამდვილად არის ერთგული იმ რთული შრომის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრობის უფლებას, მათ შორის კანდიდატის სტატუსს. ვიზების შეზღუდვები, რომლებიც სავალდებულოა აშშ-ის კანონმდებლობით, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს საკმარისი სანდო მტკიცებულება კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი თავისი ერთგულება და ჩამოაყალიბოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა დეგნანმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო განახორციელა სასამართლო რეფორმის მიმართულებით, მაგრამ ბოლო ოთხი წელში დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რათა განხორციელებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ნამდვილად გარდაქმნიდნენ ამ სასამართლო სისტემას დამოუკიდებელ სასამართლოდ“.
„სწორედ ამიტომ რჩება ვენეციის კომისიის ხუთი მოსაზრება, რომლებიც რეკომენდაციას უწევს იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, საქართველომ გადადგას, თუ მას სურს, შექმნას სივრცე მოსამართლეებისთვის სასამართლო სისტემის შიგნით დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მუშაობისთვის. საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი კარგი პროფესიონალი მოსამართლე. მათ სურთ თავიანთი საქმის გაკეთება პოლიტიკური ფიგურების ან ბიზნესფიგურების ჩარევის გარეშე და ვფიქრობ, ისინი ამას იმსახურებენ. სწორედ ამას გირჩევთ, ამას გირჩევთ ევროკავშირი, ვენეციის კომისია. ერთადერთი, რისი ნაკლებობაც არის, ეს არის პოლიტიკური ნება ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად. ასე რომ, დეკემბერში ჩვენ მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ, როცა კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება და მხარს დაგიჭერთ იმ მძიმე შრომაში, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.