კელი დეგნანი - ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი
ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“.
„ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არასწორია. მთელ მსოფლიოში მოვუწოდეთ პარტნიორებს და მოკავშირეებს, შეძლებისდაგვარად გეკეთებინათ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, როგორც ერი. თავიდანვე ცხადად ვთქვით, რომ თითოეულ ქვეყანას თავისით უნდა გადაეწყვიტა, რისი გაკეთება შეეძლო უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში. აშშ-ის არ სურს, საქართველო ჩართული იყოს ამ ომში ან რომელიმე სხვა ქვეყანა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ-ი, მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.