კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს
სასამართლო რეფორმის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში იყო სადებატო თემა და ცხადია, ეს იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანი წლები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დაინტერესება, წინააღმდეგობა რომ არ მოხდეს სასამართლო რეფორმა და არ იქნას მიღებული უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან მართლმსაჯულების გასაძლიერებლად, რომ გამხდარიყო მეტად დამოუკიდებელი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან ბევრი პროკურორი და მოსამართლე, რომელსაც სურს, მიუკერძოებლად აღასრულოს კანონი, პოლიტიკური ჩარევის გარეშე და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ვიხილეთ აქ გარკვეული პროგრესი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სასამართლო რეფორმის პირველ და მეორე ეტაპზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტები მესამე და მეოთხე ეტაპზე, რომლებიც არ იყო გაწერილი საბოლოო ვერსიაში, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ დაინტერესებას 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, რათა გააუმჯობესონ და გახადონ სისტემა უფრო დამოუკიდებელი. ეს პროცესია. ამას დრო სჭირდება. საქართველო ამაზე 20 წელია მუშაობს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რათა განაგრძოს მართლმსაჯულების გაძლიერება და გახადოს უფრო დამოუკიდებელი“, – განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.
„დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, სადაც მხარეები შეთანხმდნენ განეხორციელებინათ არსებითი და მნიშვნელოვანი რეფორმები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში. ეს დანიშვნები უნდა მოხდეს ახალი, რეფორმირებული და ძლიერი სისტემით, რომელიც მხარეებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ინკლუზიური დებატების შედეგია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს გადაედო შეხვედრა, მისი გადადება ივლისამდე შესაძლებელი. ასე რომ იქამდე ბევრი დროა, რაც რეფორმის გატარების საშუალებას იძლევა, რაც მართლმსაჯულებას უფრო ძლიერს და დამოუკიდებელს გახდის. სწორედ ამას მოვუწოდებდით და ვიმედოვნებთ, რომ საბჭო ამას გაითვალისწინებს და გადაავადებს შერჩევის პროცესს“, – განაცხადა ელჩმა.