კელი დეგნანი - აშშ-ის მთავრობის განცხადებები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული
აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
„სანქციები არის ხელთარსებულ მრავალ ინსტრუმენტს შორის ერთ-ერთი. ვფიქრობ, თქვენ იხილეთ აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ პროცესი, რომლის შეჩერებისკენ მოვუწოდებდით, წარიმართა მრავალი ჩართულობის შემდეგ. ეს არის ის, რაზეც საქარველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ ეს დანიშვნები შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს ჯერ არ მომხდარა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ იქნას უგულებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.