კაუპო კანდი - პროკურორის მუშაობაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა შეუძლებელია, ჰააგის სასამართლო დამოუკიდებელია
გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიმართვის საფუძველზე დაიწყო, – განაცხადა საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კაუპო კანდმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.
„აღნიშნული მოთხოვნით მან, რა თქმა უნდა, წინასასამართლო პალატას მიმართა. მოთხოვნა ასევე წარადგინეს ქართულმა ორგანიზაციებმა, დაზარალებულებმა. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მხარი დაუჭირა სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას“, – განაცხადა კაუპო კანდმა.
მისი თქმით, პროკურორმა ითხოვა და წინასასამართლო პალატამაც უფლება მისცა, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი გამოეძიებინა, გამოძიება კი, 2016 წლის იანვარში დაიწყო.
„ეს დაახლოებით, სამი წლის წინ იყო. პროკურორის მოთხოვნის და წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილების მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს დანაშაულებს, რომლებიც მის იურისდიქციაშია. ვგულისხმობ, ძირითადად, ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს საქართველოს კონტექსტში. ვგულისხმობ 2008 წელს საქართველოში არსებულ სიტუაციას. საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიება დროის გარკვეულ პერიოდს ეხება, 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. ასე რომ, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქამდე, ან მას შემდეგ იყო ჩადენილი, არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების საგანს. ასევე, შეზღუდული ვართ გეოგრაფიულად. ჩვენი გამოძიების ქვეშ მოქცეულია ძირითადად შიდა ქართლის მხარე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი“, – განაცხადა კაუპო კანდმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სახის მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში რუსეთმა და ვის აქვს მათზე წვდომა, კაუპო კანდმა განაცხადა, რომ მტკიცებულებები პროკურორის ოფისს ეხება და გამოძიება კონფიდენციალურია.
„რადგან კონფიდენციალურია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, ასევე კონფიდენციალურია მტკიცებულებებიც. ეს იმისთვის, რომ დაცული იყოს საგამოძიებო პროცესის მთლიანობა და დაცული იყვნენ დანაშაულის თვითმხილველები და მსხვერპლი. ისევე, როგორც გამოძიების სხვა მხარეები. ასე რომ, ეს მასალა კონფიდენციალურია. სასამართლოს პროცესი საჯაროა, მაგრამ გამოძიების ეტაპზე საქმე კონფიდენციალურია, იმავე ანალოგიით, როგორც ეს ნებისმიერი ეროვნული გამოძიების დროს ხდება“, – განაცხადა კაუპო კანდმა.
როგორც ჰააგის სასამართლოს ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მტკიცებულებებთან წვდომა მხოლოდ პროკურორის ოფისს აქვს და ინფორმაციაზე წვდომა სხვა მხარეებისთვის აბსოლუტურად დახურულია.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის პროკურორის ოფისის მთავარი პრინციპები და რაზეა ის დაფუძნებული, კაუპო კანდმა განაცხადა, რომ პროკურორის ოფისის მთავარი პრინციპია, მტკიცებულებებს, სიმართლეს ფეხდაფეხ მისდიოს.
„პროკურორის ოფისის მთავარი პრინციპია, ეცადოს, სიმართლე დაადგინოს იმ მოვლენების მიხედვით, რაც განვითარდა იმ სიტუაციის კონტექსტში, რომელსაც იძიებენ. საქმეს არ აქვს მნიშვნელობა. პროკურორის ოფისი ყოველთვის იცავს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის პრინციპებს. სწორედ ესაა პროკურორის ოფისის მუშაობის მამოძრავებელი. ის მიუკერძოებელია. პროკურორის მუშაობაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა შეუძლებელია. იმიტომ, რომ ეს დამოუკიდებელი სასამართლოა“, – განაცხადა კაუპო კანდმა.