ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი პირველი არხის შეკითხვას პასუხობს - მოვუწოდებთ მედიასა და კომენტატორებს, თავი შეიკავონ ჩვენი გამოძიებების ასპექტების შესახებ სპეკულაციების ან ჭორების გამოქვეყნებისგან, მათ შორის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით
ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი პირველი არხის შეკითხვას პასუხობს - მოვუწოდებთ მედიასა და კომენტატორებს, თავი შეიკავონ ჩვენი გამოძიებების ასპექტების შესახებ სპეკულაციების ან ჭორების გამოქვეყნებისგან, მათ შორის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით

მოვუწოდებთ მედიას და კომენტატორებს, თავი შეიკავონ ჩვენი გამოძიებების ასპექტების შესახებ სპეკულაციების ან ჭორების გამოქვეყნებისგან, მათ შორის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პირველ არხს პასუხობს.

საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, ჰააგის სასამართლოში არის თუ არა რამე სიახლე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ხომ არ არის ცნობილი, დაახლოებით როდის გამოქვეყნდება შედეგები.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ, 2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ დაიწყო საქართველოში სიტუაციის გამოძიება, რომელიც ფოკუსირებულია 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარედ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე კაცობრიობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულებზე.

მიმდინარე გამოძიება ამჟამად მოწინავე ფაზაშია. კონფიდენციალობა ნებისმიერი გამოძიების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. შესაბამისად, პროკურორის ოფისი არ აკეთებს საჯარო კომენტარებს მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე ან გავრცელებულ ცნობებზე, ასევე ოფისი არ განიხილავს საჯაროდ დეტალებს, რომლებიც მის საგამოძიებო ქმედებებს უკავშირდება. ოფისი მოუწოდებს მედიას და კომენტატორებს, თავი შეიკავონ მიმდინარე გამოძიებების რამე კონკრეტული ასპექტების შესახებ სპეკულაციებისა ან გავრცელებული ჭორების გამოქვეყნებისგან, მათ შორის პოტენციურ შედეგებთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიებების მიუკერძოებლობის დასაცავად, არამედ ასევე მსხვერპლთა, თვითმხილველთა და ყველა იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვისთანაც ურთიერთობა აქვს პროკურორის ოფისს.

მიმდინარე მოქმედებების ფარგლებში, პროკურორის ოფისის გამომძიებლები დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად აგროვებენ სავარაუდო სასტიკ დანაშაულებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სხვადასხვა სანდო წყაროსგან. პროკურორის ოფისი სიფრთხილით განიხილავს და აანალიზებს შეგროვებულ მტკიცებულებებს, რადგან გამოძიება მიისწრაფის მომხდარის შესახებ სიმართლის გამოაშკარავებისკენ.

საგამოძიებო პროცესის დასასრულს, თუკი/როდესაც მტკიცებულებები შეესაბამება საჭირო სამართლებრივ ზღვარს, პროკურორი მიმართავს მოსამართლეებს დაკავებისა ან სასამართლოში დაბარების ორდერების გასაცემად ნებისმიერი პირის მიმართ, რომელზეც მტკიცებულებები მიუთითებს, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. ამგვარ შემთხვევაში, პროკურორის ოფისი საზოგადოებას აცნობებს ნებისმიერი მნიშვნელოვანი განვითარების შესახებ“, – აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს პირველი არხისთვის გამოგზავნილ პასუხში.