გოჩა ლორთქიფანიძე - 2013 წლიდან მოპოვებული 700-მდე მტკიცებულება აძლევს შინაარს პროკურორის ოფისთან ჩვენს თანამშრომლობას, რათა ქართველების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობა დადგეს
გოჩა ლორთქიფანიძე - 2013 წლიდან მოპოვებული 700-მდე მტკიცებულება აძლევს შინაარს პროკურორის ოფისთან ჩვენს თანამშრომლობას, რათა ქართველების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობა დადგეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აწარმოებს და ის გაგრძელდება იმდენ ხანს, ვიდრე თავად პროკურორის ოფისი არ ჩათვლის, რომ არსებობს საკმარისი და მყარი მტკიცებულებები საქმის სასამართლოს წინაშე წარსადგენად.

მისივე თქმით, 2013 წლიდან მოპოვებული 700-მდე მტკიცებულება აძლევს შინაარს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას, რათა ქართველების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობა დადგეს.

„გამოძიებას აწარმოებს ჰააგის პროკურორის ოფისი და ის გაგრძელდება იმდენ ხანს, როდესაც თვითონ პროკურორის ოფისი ჩათვლის, რომ არის საკმარისი და მყარი მტკიცებულებები სასამართლოს წინაშე საქმის წასაღებად. მეორე მომენტი, რისი აღნიშვნაც მინდოდა, არის ის, რომ გამოძიება დაიწყო 2016 წლის იანვარში, როდესაც პროკურორის ოფისს მისცა სასამართლომ ნებართვა ამისთვის და ჩვენ იმ მომენტში უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს, რადგან სასამართლომ აღნიშნა სამი მნიშვნელოვანი მომენტი, პირველი – 2008 წელს იყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, მეორე – რუსეთი აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს, მესამე – ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ახლა, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ვთანამშრომლობთ პროკურორის ოფისთან, როგორც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, ჩვენ ვეყრდნობით მტკიცებულებათა ერთი და იგივე ბაზას. ეს არის 2013 წლიდან მოპოვებული და წარმოდგენილი 700-მდე მტკიცებულება, რომელიც მოიცავს აუდიოფაილებს, განაღმვის მასალებს, სეისმური სადგურის ჩანაწერებს, უამრავ ფოტომასალას და ასევე რაკეტა ისქანდერის ფრაგმენტებს. სწორედ ეს აძლევს შინაარს პროკურორის ოფისთან ჩვენს თანამშრომლობას, რათა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქართველების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.