კატრინ კოლონა - მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ხალხის ინტერესი
კატრინ კოლონა - მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ხალხის ინტერესი

მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ხალხის ინტერესი. ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც შეიძლება, კიდევ უფრო განვითარდეს და გამრავალფეროვნდეს.

„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩვენ მდიდარი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ეს შეიძლება, კიდევ განვითარდეს, გამრავალფეროვნდეს. საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოში არის წარმოდგენილი, დიდი ხნის განმავლობაში ის მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ, თუ შეგვიძლია, მეტი მოგიტანოთ სხვადასხვა სფეროში, ეს შეიძლება იყოს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს ევროპასა და აზიას შორის, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს მხოლოდ განვითარებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერი ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო მიდის პროგრესისკენ, ავითარებს თავის პროექტებს პარტნიორებთან და ბედნიერი ვიქნებით, თუ ამ პარტნიორების რიცხვში ვიქნებით.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა განათლების მიმართულებით, კავკასიის ფრანგული სკოლა ამის ფლაგმანი შეიძლება იყოს და უფრო მეტი გვინდა, გავაკეთოთ, რათა იყოს იმ სიმაღლისა და მოწოდების ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შეეფერება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საფრანგეთს აქვს ამბიცია, რომ ააშენოს ახლი საელჩო თბილისში.

„იმედი გვაქვს, ამ პროექტზეც მალე წავალთ წინ და კონკრეტიზებას მოვახერხებთ. ვფიქრობ, ეს ძალიან სიმბოლური იქნება. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო, და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში.

მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.