კატარინა ბიორლინ ჰანსენი - საქართველოში მცირე საოჯახო სასტუმროების სექტორში მაღალ პოტენციალს ვხედავთ
საქართველოში ვხედავთ მაღალ პოტენციალს მცირე საოჯახო სასტუმროების სექტორში, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში EBRD-ის წლევანდელი საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტებში. ჰანსენის განმარტებით, წლევანდელი წელი EBRD-ის საქართველოში მოღვაწეობის მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდულად წარმატებული გამოდგა.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროს ინვესტიციების ნაკლებობა შეინიშნება. ჰანსენის მოსაზრებით, კარგი იქნება საქართველოში მეტი ევროპული ინვესტიცია განხორციელდეს. საინვესტიციო პოტენციალს კი EBRD-ის სამხრეთ კავკასიის დირექტორი სატრანსპორტო ხაზებისა და მცირე საოჯახო სასტუმროების სფეროებში ხედავს.
„უპირველეს ყოვლისა, ვხედავთ, რომ დიდი რაოდენობით ინვესტორი არსებობს, რომლებიც საქმიანობას აფართოებენ. კარგი იქნებოდა, მეტი უცხოელი ინვესტორი გვენახა. ასევე, კარგი იქნებოდა ევროპიდან ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, რადგან დროის ზონები იგივეა და მანძილიც არ არის ძალიან დიდი. ვფიქრობთ, უცხოელი ინვესტორები სატრანსპორტო მიმართულებით უნდა დაინტერესდნენ. თუ საქართველო სატრანსპორტო ხაზების გაციფრულებას მოახერხებს, ეს განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მაღალ პოტენციალს ვხედავთ სასტუმროების სექტორში, განასკუთრებით მცირე ოჯახური სასტუმროების მიმართულებით [არა ძალიან მაღალი სტანდარტის], სადაც ევროპელები ჩამოვლენ ოჯახებით და ერთ ოთახში მოთავსდებიან. ასევე არსებობს ტურიზმის გაფართოების პოტენციალი ისეთ ზონებში, რომლებიც ჯერ არ არის ძალიან აქტიური. არის მაგალითები, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმი სწრაფად განვითარდა“, -განუცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ბიზნესპარტნიორს“.