კატარინა ბიორლინ ჰანსენი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში წელს პროექტების რეკორდული რაოდენობა განახორციელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში წელს პროექტების რეკორდული რაოდენობა განახორციელა, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში EBRD-ის წლევანდელი საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტებში. ჰანსენის განმარტებით, წლევანდელი წელი EBRD-ის საქართველოში მოღვაწეობის მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდულად წარმატებული გამოდგა.
„2019 წელი სარეკორდო წელი იყო საქართველოში. ჩვენ მეტი პროექტი განვახორციელეთ, ვიდრე მთელი ისტორიის განმავლობაში და შედეგით ძალიან ვამაყობთ. ოთხ სხვადასხვა სექტორში ვმუშაობთ: ენერგია და ინფრასტრუქტურა, კომერციული კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები, კომერციული ბანკები და საკონსულტაციო მომსახურება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო საწარმოებს ვემსახურებით ბიზნესების განვითარებაში. წელიწადში საშუალოდ 70-75 მცირე და საშუალო საწარმოს ვეხმარებით, მაგრამ წელს მათი რიცხვი 140-მდე ავიდა. ძირითადად საშუალო კომპანიებია, რომლებიც გაზრდაზე არიან ორიენტირებული და ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სექტორს, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჰიდროენერგიის, ასევე ქარის ენერგიის გამომუშავებას“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
მისი განმარტებით, EBRD-მა მონაწილეობა მიიღო საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაციაშიც, რომელიც საქართველოს გარდა, კავკასიის რეგიონშიც პირველი ქარის ელექტროსადგური და სადემონსტრაციო პროექტია. სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორის მოსაზრებით, საქართველოს განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულების მხარდაჭერა EBRD-ის ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი იქნება.
„ჩვენ კარგი გეგმები გვაქვს, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების სფეროში, ისე ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დავაფინანსოთ, მათ რიცხვში შეიძლება მოხვდეს მცირე კერძო ჰესები ან მსხვილი სახელმწიფოს კუთვნილი ჰესები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. გარდა ამისა, გვსურს, ვიმუშაოთ ქარისა და მზის ენერგიის ელექტროსადგურების მიმართულებითაც, რადგან საქართველოს აქაც მაღალი პოტენციალი გააჩნია“, – განაცხადა ჰანსენმა.
მისი თქმით, EBRD გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საკრედიტო ხაზებით და საკონსულტაციო მომსახურებით. აქცენტი ევროკავშირში ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებზე გაკეთდება.
„ვფიქრობ, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ევროკავშირში ექსპორტის განვითარების პოტენციალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი გამოწვევა ის არის, რომ ევროპის ბაზარზე შესვლას მსხვილი რესურსი სჭირდება, ეს კომპანიები კი მცირეა. ამ პრობლემის მოგვარება კრედიტორების მეშვეობით შეიძლება. მაგალითად, თაფლის მიმართულებით და ასეთ შემთხვევაში ექსპორტი შეიძლება, გაძლიერდეს. იგივე სხვა პროდუქტებთან დაკავშირებითაც შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, ავეჯთან მიმართებაში. ეს ხელს შეუწყობს პროცესის განვითარებას და ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალის ზრდას“, – განაცხადა ჰანსენმა.