კატარი 2022 | მესამე უგოლო შეხვედრა მუნდიალზე - ხორვატიამ მაროკოსთან ფრე ითამაშა #1TVSPORT
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 სატურნირო დღე F ჯგუფის მატჩით გაიხსნა. მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდა, რომელმაც მუნდიალის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 3:0 მოუგო. დაძაბული მატჩი 0:0 დასრულდა.
ამ შეხვედრამდე მეტოქეები მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს — 1996 წელს ჰასან II-ის საერთაშორისო თასზე 2:2 ითამაშეს, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ მაროკო 7:6 დაამარცხა.
ხორვატიას აფრიკულ გუნდებთან კარგი სტატისტიკა ჰქონდა — ევროპელებმა 2014 წელს კამერუნს 4:0 მოუგეს, ხოლო 2018 წელს ნიგერია 2:0 დაამარცხეს.
მაროკოსთვის ეს მე-6 მსოფლიო ჩემპიონატია, მაგრამ 1986 წლის შემდეგ პლეი-ოფში არ გასულან. ხორვატებს ამ მხრივ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ — ეს მათთვისაც მე-6 მუნდიალია. ბოლო 5-დან სამში ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს, ხოლო ორ შემთხვევაში ნახევარფინალსა და ფინალში გავიდნენ.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პირველი ტაიმი დაძაბულად წარიმართა და გუნდებს ბევრი მომენტი არ ჰქონიათ. მე-17 წუთზე პერიშიჩმა მაროკოელთა ნახევარზე ბურთი მოიპოვა და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა. ყველაზე რეალური მომენტი კონპენსირებულ დროში შეიქმნა — ბორნა სოსამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესანიშნავი პასი გაუკეთა ვლასიჩს, რომელსაც მაროკოელთა მეკარემ, ბონომ აჯობა. რამდენიმე წამში გოლის გატანა შეეძლო ასევე ლუკა მოდრიჩს, რომელსაც მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი მიუვიდა, მარცხენა ფეხით დაარტყა და კარს ააცილა.
მეორე ტაიმი გუნდებმა შედარებით უფრო აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე თითო-თითო მომენტი გაცვალეს — 51-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების კარს მაზრაუი დაემუქრა, მაგრამ რთული პოზიციიდან კარგად ვერ დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა. რამდენიმე წამში, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ხორვატებს შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ამჯერად ბონომ ითამაშა კარგად. გუნდებს ამის მერე რეალური მომენტი აღარ ჰქონიათ და მიმდინარე მუნდიალზე მე-3 უგოლო ფრე ვიხილეთ.
დღეს, 23 ნოემბერს F ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება — ბელგია კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება. თავიანთ შეხვედრებს გამართავენ E ჯგუფის გუნდებიც — 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი გერმანია იაპონიას შეხვდება, ესპანეთი კი კოსტა რიკასთან შეეცდება 3 ქულის მოპოვებას.