საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე, მუნდიალის მონაწილე მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა, 0:3 დამარცხდა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

 

 

რამდენიმე წამყვანი მოთამაშის (კვარაცხელია, ზივზივაძე, კაკაბაძე, ხოჭოლავა, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე) გარეშე დარჩენილ საქართველოს ეროვნულ გუნდს ძალიან გაუჭირდა. მაროკოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდან უპირატესობა სისწრაფის ხარჯზე მოიპოვა, „ჯვაროსნები“ კი სწრაფი შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ.

მაროკოელებმა უპირატესობა გოლში სწრაფად ასახეს. მე-5 წუთზე ანგარიში „სევილიას“ თავდამსხმელმა იუსეფ ენ-ნასირიმ გახსნა. წონასწორობის აღდგენა 10 წუთში დავით ვოლკოვს შეეძლო, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 29-ე წუთზე კი ჰაკიმ ზიეშმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა – „ჩელსის“ ნახევარმცველმა გურამ კაშიას გადაცემა ჩაჭრა, კარიდან გამოსული გიორგი მამარდაშვილი შენიშნა და ცენტრთან ახლოს, მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა – 2:0.

პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, მაროკო მეორე ტაიმში დიდი ძალებით შეტევას აღარ ცდილობდა. საქართველოს ნაკრებმა კი ეს ნახევარი ოდნავ უკეთ დაიწყო და 65-ე წუთზე სხვაობის შემცირებაც შეეძლო – ლუკა ლოჩოშვილის დარტყმული ბურთი კარს ასცდა, საბა ლობჟანიძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ კი ბურთი მეკარემ აიღო.

მაროკოს ნაკრებმა კი ერთ-ერთი კონტრშეტევისას პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც სოფიან ბუფალიმ შეასრულა და საქართველოს ნაკრების კარი 72-ე წუთზე მესამედ აიღო. 83-ე წუთზე სხვაობის შემცირება გიორგი ბერიძეს შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში ბელგიასთან, კანადასთან და ხორვატიასთან ითამაშებს.


საქართველო – მაროკო 0:3


გოლები: 0:1 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (29), 3:0 ბუფალი (72-პენ).

საქართველო: მამარდაშვილი – კვირკველია (78. საზონოვი), კაშია, ლოჩოშვილი – აბურჯანია, კვეკვესკირი (78. ბერიძე) – გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი, წიტაიაშვილი (35. შენგელია) – ვოლკოვი (62. ქვილითაია), დავითაშვილი (62. ლობჟანიძე).

მაროკო: ბონო – ჰაკიმი (46. მაზრაუი), აგერი, საისი (63. ელ-იამიქი), ატიატ-ალაი – ოუნაჰი (46. ამრაბატი), ჯაბრანე, ამალაჰი (63. ჩაირი), ზიეში, ენ-ნესირი (46. ამბალაჰი), ბუფალი.