კატარი 2022 | მაროკოს ნაკრების მწვრთნელი - ჩვენ აქ ვართ, რათა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია #1TVSPORT
მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მეოთხედფინალში გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყველას უყვარს, ნიჭით, ხარისხით. ფული ვერ დაამარცხებს ვნებას და რწმენას. ეს არ არის სასწაული, ამ ჩემპიონატზე შევხვდით ბელგიას, ხორვატიას, კანადას, ესპანეთსა და პორტუგალიას და მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩვენი წარმატებით აფრიკის კონტინენტი ბედნიერია. ჩვენი სულისკვეთების გამო, ამ ტურნირის როკი ბალბოა ვართ.
ჩვენ კატარში სამი თამაშისთვის არ ჩამოვსულვართ. თუ დავიჯერებთ და ვიოცნებებთ, ჩვენ შევძლებთ გადმოგცეთ დიდი გზავნილი, რომლის გადმოცემაც გვინდა.
ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან თამაში. ესპანეთთან შედარებით, პორტუგალიასთან უფრო გაგვიჭირდა, რადგან კარგად შეგვისწავლეს, მაგრამ მერვედფინალის შემდეგ, დაღლილობის მიუხედავად, ჩვენი გეგმის შესრულება მოვახერხეთ.
ჩვენ დიდი შემართების მქონე გუნდი ვართ. პორტუგალიასთან ბევრად უკეთესები ვიყავით მონდომებითა და ჟინით. ჩვენ აქ ვართ, რათა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ძალიან რთული ტურნირია, მაგრამ თავად ნახეთ, ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ როგორ ვითამაშეთ.
ტრავმის გამო ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, შეიძლება დღეს ამის გამო ბევრი პრობლემა შეგევქმნა, მაგრამ მონდომებითა და დიდი შემართებით წინ მივდივართ. ვამაყობ ამ შესანიშნავი ფეხბურთელებით, ისევე როგორც ნაკრების მთელი პერსონალით“, – განაცხადა Record-თან ვალიდ რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, მაროკოს ნაკრებმა მეოთხედფინალში 1:0 დაამარცხა პორტუგალია და 14 დეკემბერს, ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.