„კატარგეიტის“ სკანდალის შემდეგ ევროკომისიამ წარადგინა ეთიკის ახალი ორგანოს შექმნის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებში ქცევის სტანდარტებს დააწესებს
„კატარგეიტის“ სკანდალის შემდეგ ევროკომისიამ წარადგინა ეთიკის ახალი ორგანოს შექმნის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებში ქცევის სტანდარტებს დააწესებს

„კატარგეიტის“ სკანდალის შემდეგ ევროკომისიამ წარადგინა ეთიკის ახალი ორგანოს შექმნის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებში ქცევის სტანდარტებს დააწესებს. ახალი ორგანო, რომელიც ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებით და ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტით დაკომპლექტდება, შეათანხმებს ერთიან სტანდარტს ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებამდე.

„დემოკრატიას შეუძლია, იყოს წარმატებული მხოლოდ მაშინ, თუ მოქალაქეები ენდობიან თავიანთ ინსტიტუტებს. ევროპის მოსახლეობა არ მიჯნავს, სკანდალი წარმოიშვა ერთ თუ მეორე ინსტიტუტში“, – აღნიშნულია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვას განცხადებაში.

ახალი წესები გავრცელდება ევროკავშირის ათასზე მეტ თანამდებობაზე, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ბორდის წევრებზე, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეებზე და ევროპარლამენტის დეპუტატებზე. ახალ უწყებას გამოძიების ჩატარების მანდატი არ ექნება, თუმცა ის დაადგენს სტანდარტებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა საჩუქრების მიღება, მასპინძლობა ან მოგზაურობა, ლობისტებთან შეხვედრა, ფინანსური ინტერესები, თანამდებობის ვადის ამოწურვის შემდგომი საქმიანობის პირობები.

სამშაბათს გამოქვეყნებული სოციალოგიური კვლევის თანახმად, ევროკავშირში გამოკითხულ მოქალაქეთა 60% უკმაყოფილოა ევროკავშირის ძალისხმევით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს მაჩვენებელი 12%-ით მაღალია 2019 წელთან შედარებით.

„კატარგეიტის“ სკანდალი ევროპარლამენტში გასული წლის დეკემბერში აგორდა. რამდენიმე ევროდეპუტატი ეჭვმიტანილია კატარისგან ქრთამის აღებაში სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ. საქმეს ბელგიის პროკურატურა იძიებს.