კატალონიის ყოფილ ლიდერს შესაძლოა, ოთხი წლით სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალონ
კატალონიის ყოფილ ლიდერს შესაძლოა, ოთხი წლით სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალონ

კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუიჩდემონს შესაძლოა, ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალონ. როგორც გამოცემა La Vanguardia წერს, ამის შესახებ ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

უწყება მიზეზად იმას ასახელებს, რომ პუიჩდემონმა თავისი აქტივების შესახებ მონაცემები არ წარადგინა.

ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულები არიან საკუთრების შეძენიდან სამი თვის განმავლობაში აქტივების შესახებ წარადგინონ დეკლარაცია ესპანეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პუიჩდემონმა, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ საზღვარგარეთ იმყოფება, უკვე ამოწურა სამთვიანი ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც მას უნდა წარედგინა ინფორმაცია თავისი აქტივების, ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების, ფასიანი ქაღალდების და აქციების შესახებ.

ესპანეთის ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პუიჩდემონის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა, მომავალ კვირას განიხილონ.

გასულ კვირას კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგიონული კანონმდებლობის ცვლილებას, რითაც შესაძლებელი გახდა პუიჩდემონის ავტონომიის ხელმძღვანელად არჩევა. თუმცა ესპანეთის მთავრობამ კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა,
ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა და პარლამენტი 2017 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაითხოვა, რაც მან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა და „კატალონიის სუვერენული რესპუბლიკა” გამოაცხადა.

ესპანეთის პროკურატურა კარლეს პუიჩდემონს ამბოხსა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.