კატალონიის რეგიონული მთავრობის ახალი ლიდერი ოფიციალურ მადრიდთან დიალოგს ითხოვს
კატალონიის რეგიონული მთავრობის ახალი ლიდერი ოფიციალურ მადრიდთან დიალოგს ითხოვს

კატალონიის ახლად არჩეული რეგიონული ლიდერი კიმ ტორა ესპანეთის ცენტრალურ მთავრობასთან დიალოგს ითხოვს.

ტორა, რომელიც მისი წინამორბედი კარლეს პუიჩდემონის მსგავსად კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა, რეგიონულ ლიდერად 14 მაისს აირჩიეს, რის შემდეგაც იგი ბერლინში პუიჩდემონთან შესახვედრად გაემგზავრა.

რამდენიმე წუთის წინ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის სიტყვით მიმართა და ურჩია, დათქვას დრო და ადგილი პირისპირ შეხვედრისთვის.

„ბატონო რახოი, მითხარით დრო და ადგილი, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შევძლებთ. არ გვინდა არავითარი კონსულტაციები წინასწარ, უბრალოდ ვილაპარაკოთ, თუნდაც არაფერზე, მაგრამ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ტორამ.

კიმ ტორას მოთხოვნაა გაუქმდეს 2017 წლის ნოემბერში ამოქმედებული კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, კატალონიის ავტონომია შეიზღუდა და მასზე პირდაპირი კონტროლი ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაამყარა. ახალი რეგიონული ლიდერის მოთხოვნაა ასევე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ კატალონიის ავტონომიური მთავრობის ყოფილი წევრები, რომლების სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის იხდიან სასჯელს.