კატალონიის რეგიონული არჩევნები - გამარჯვებული და დამარცხებული მოქალაქეები
კატალონიის რეგიონული არჩევნები - გამარჯვებული და დამარცხებული მოქალაქეები

 

ესპანეთის შვიდმილიონნახევრიან ავტონომიაში რიგგარეშე რეგიონული არჩევნები ადგილობრივმა გამოცემა El Pais-მაანომალურ არჩევნებად“ შეაფასა, რაც აქამდე ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონისთვის ჯერ არნახულ აქტივობას უკავშირდება. კატალონიის არჩევნებში 80%-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვს ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერთა რაოდენობა აჭარბებს, თუმცა სეპარატისტული ძალების დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ისევე როგორც კონსტიტუციონალისტური „მოქალაქეთა პარტიის“ მიერ მოპოვებული ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა.

საერთო ჯამში, კატალონიის სიუტადელას პარკში მდებარე პარლამენტში 135 ადგილიდან 70 მანდატი დამოუკიდებლობის მომხრე სამმა პარტიამ მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტონომიური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის პოლიტიკური ძალა JUNTSxCat, ERC-CATSI და ულტრა-მემარცხენე CUP პარლამენტში უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილები. 5 მანდატით ნაკლები მიიღეს კონსტიტუციონალისტურმა პარტიებმა.

კატალონიის რეგიონულ არჩევნებში, რომელიც კრიზისის გადასაჭრელად ცენტრალურმა ხელისუფლებამ ორი თვის წინ დანიშნა, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, 25% და პარლამენტში 37 მანდატი მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალას, „მოქალაქეთა პარტიას“ ხვდა წილად, რომლის ლიდერი 36 წლის პოლიტიკოსი ინეს არიმადასია.

ემოციური სიტყვით გამოსვლის სტილმა და პატრიოტულმა ლოზუნგებმა არიმადასი ესპანეთის ერთიანობის მომხრეებისთვის უალტერნატივო ლიდერად აქცია. ორი თვის წინ, როცა კარლეს პუიჩდემონმა კატალონიის ცალმხრივი დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, ინეს არიმადასმა პარლამენტში განაცხადა, რომ ესპანეთის დანგრევის უფლებას არავის მისცემს. მან პროტესტის ნიშნად იმ დღეს თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტის შენობა დატოვა. ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ინეს არიმადასის რეიტინგი დღითიდღე იზრდებოდა. „მოქალაქეთა პარტიამ“ გამარჯვება გუშინ საღამოსვე აღნიშნა, თუმცა მოგვიანებით, ხმების დათვლის პროცესში გაირკვა, რომ მათი გამარჯვება პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად არასაკმარისია.

ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიებს შორის ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა – 4,24% ქვეყნის მმართველი ძალის, „ხალხთა პარტიის“ კატალონიურმა ფრთამ მიიღო. ასევ ხმების ნაკლები რაოდენობა მიიღო დანარჩენმა ორმა, კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე კონსტიტუციონალისტურმა პარტიამ. სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი კატალონიის პარლამენტში სეპარატისტული ძალების მიერ უმრავლესობის მოპოვებას.

არჩევნების შედეგები კატალონიის ავტონომიური მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა „კატალონიის რესპუბლიკის გამარჯვებად“ შეაფასა.

​პუიჩდემონი ოთხ თანაგუნდელთან ერთად თითქმის ორი თვეა ბელგიაში იმყოფება, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას სახელმწიფო გადატრიალებაში ედება ბრალი და 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. თუმცა ბელგიის სასამართლო პუიჩდემონის ექსტრადირების საკითხს ბოლო ორი კვირაა აღარ განიხილავს.

1 ოქტომბერს გამართული დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმიდან რეგიონულ არჩევნებამდე ესპანეთმა რთული გზა გაიარა. კარლეს პუიჩდემონის მთავრობის მიერ  7-მილიონიანი რეგიონის ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ცენტრალურმა ხელისუფლებამ საპასუხოდ ხისტი ზომები მიიღო: ესპანეთის უახლეს ისტორიაში პირველად  155-ე მუხლი ამოქმედდა, რაც ავტონომიის გაუქმებას და ცენტრისგან კატალონიაზე პირდაპირი კონტროლის დამყარებას გულისხმობს. შედეგად, ავტონომიური მთავრობა დაითხოვეს, 6 ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ჟუნკერასი კი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, კატალონიის რეგიონული მთავრობის კიდევ ორ ყოფილ წევრს შინა პატიმრობა აქვს მისჯილი. პარტიის „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკა“ (ERC-CATSI) ლიდერი ორიოლ ჟუნკერასი წინასაარჩევნო კამპანიაში მადრიდთან მდებარე ესტრემარას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იყო ჩართული. მისმა პარტიამ არჩევნებში ხმების 21% მიიღო.

წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა კარლეს პუიჩდმეონიც, რომელიც აქციებზე საკუთარ ამომრჩეველს პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით მიმართავდა, ხოლო ამომრჩეველთა ნაწილს ბრიუსელისა და ბრიუგეს ბარებში ხვდებოდა. მან კატალონელების იმ ნაწილს, ვინც არჩევნებში ხმა სეპარატისტული ძალების სასარგებლოდ მისცა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბელგიიდან მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კატალონიის რიგგარეში არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიები

„მოქალაქეთა პარტია“ (Ciudadanos) – 25% (37 მანდატი)

„სოციალისტური პარტია“ (Partit dels Socialistes de Cataluna) – 13,88% (17 მანდატი)

„კატალონია ყველასათვის – ჩვენ შეგვიძლია“ (Catalunya en Comú–Podem) – 7,45 (8 მანდატი)

„ხალხთა პარტია“ (Partido Popular de Cataluña) – 4,24 (3 მანდატი)

 

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები

„ერთად კატალონიისთვის“ (Junts per Catalunya, JuntsxCat) – 21% (34 მანდატი)

„კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკა“ (Esquerra Republicana de Catalunya, ERC-CATSI) – 21,39% (32 მანდატი)

„ხალხთა ერთიანობის კანდიდატი“ (Candidatura d’Unitat Popular, CUP) – 4,45% (4 მანდატი)