კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა 17 იანვარს იგეგმება
კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა 17 იანვარს იგეგმება

კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა 2018 წლის 17 იანვარს იგეგმება. სხდომაზე საკანონმდებლო ორგანომ სპიკერი უნდა აირჩიოს, რასაც მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკების დაწყება მოჰყვება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი მთავრობა პოლიტიკურ კრიზისს არ გააღრმავებს, მათი ნაბიჯები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოვა, დაიცავს კანონის უზენაესობას, იმუშავებს კატალონიის საკეთილდღეოდ და გამართავს კონსტრუქციულ დიალოგს ესპანეთის ხელისუფლებასთან.

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომიის სტატუსი გასულ წელს მას შემდეგ შეაჩერა, რაც ყოფილმა მთავრობამ კატალონიის დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. ახალი პრეზიდენტისა და მთავრობის დაკომპლექტებამდე, კატალონიაში ესპანეთის ხელისუფლების პირდაპირი მმართველობა ვრცელდება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბელგიაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუიჩდემონის განცხადებებს გამოეხმაურა. მარიანო რახოი ამბობს, რომ პუიჩდემონის მიერ ბელგიიდან კატალონიის შესაძლო მართვა აბსურდია. საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, ყოფილმა ლიდერმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს წინაპირობების გარეშე რომელიმე ევროპულ ქალაქში შეხვედრა და დიალოგის დაწყება შესთავაზა, რასაც მალევე მოჰყვა ოფიციალური მადრიდის უარი.

კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში კატალონიის დამოკიდებლობის მომხრე პარტიების ბლოკი უმრავლესობით მოვიდა და მათ 135 წევრიან პარლამენტში 70 წევრი ეყოლებათ. პარლამენტში მოხვედრილი რვა პოლიტიკოსიდან ნაწილი ბელგიაში იმყოფება და ნაწილი მადრიდთან ახლოს მდებარე ციხეში. კარლეს პუიჩდემონს ესპანეთის ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში დაკავება ელის.

პატიმრობაშია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ხუნკერასი. პარტიები კონსულტაციებს ატარებენ და პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ვინაობაზე მსჯელობენ. შერჩეული კანდიდატი კატალონიის პარლამენტში დაგეგმილ სხდომას უნდა დაესწროს. ამის შესაძლებლობა კი არც ყოფილ პრეზიდენტს აქვს და არც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს. თუ პარლამენტში მოხვედრილი რვა პირის მათი კოლეგებით ჩანაცვლება არ მოხდება, მაშინ საფრთხე ემუქრება მთავრობის ფორმირებას. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მადრიდიდან კატალონიის ციხეში გადმოყვანას ითხოვს. იურისტების განცხადებით, ყოფილ ვიცე–პრეზიდენტს უნდა შეეძლოს ციხის დატოვება, პარლამენტის სხდომებზე დასწრება და მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა. ესპანეთის უზენაესი სასამართლო ორიოლ ხუნკერასის საქმეზე 4 იანვარს იმსჯელებს, სადაც ადვოკატები მის კატალონიაში გადმოყვანას მოითხოვენ.

პრომადრიდულმა პარტიამ კატალონიის პარლამენტში 37 ადგილი მიიღო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მთავარი ოპოზიური ძალის ხელმძღვანელთან დიალოგის დაწყებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.