სალომე ზურაბიშვილი - ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად, გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა
სალომე ზურაბიშვილი - ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად, გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანამ ახლა უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი. პრეზიდენტმა ამის შესახებ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება უახლესი ისტორიის გადაფასება.

„30 წლის წინ საქართველომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. გამოხატა საკუთარი ნება არჩევნებისა და რეფერენდუმის მეშვეობით. დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამ ხელისუფლებამ ბევრი შეძლო: უპირველეს ყოვლისა, დაგვიბრუნა განცდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა, გააღვივა ეროვნული სიამაყე და ენერგია. ამ პერიოდს საქართველო ალბათ შეცდომების გარეშე ალაბათ ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ქუჩის, იარაღის თუ გადატრიალების გზას!

დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში.

გვჭირდება ასევე, ახალი მიდგომები – ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა. ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ; ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით! ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერება დამღუპველია.

გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც  დიპლომატიაზე უარს ამბობს.

ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და  ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც.

ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი  ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „hub“- ის როლი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზად არის.

ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

​მისივე თქმით, ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი.

„ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები.

იგივე მიდგომა გვჭირდება ნატო-სთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში:  ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატო-სთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას!

ახალი მიდგომა გლობალური გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც  გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე,  ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში.

ქვეყნის შიგნით პანდემიამ, ბევრ ტრაგედიასთან ერთად, ყველას მინდა მივუსამძიმრო, ვისაც ეს შეეხო, შექმნა ახალი მოცემულობა და დაგვანახა განვითარების  სტრატეგიის აუცილებლობა, რომელიც აისახება გამოკვეთილი პრიორიტეტებში:

პროფესიონალიზმი, ანუ განათლების, გამოცდილების და ცოდნის ერთობლიობა. პანდემიამ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმის გადამწყვეტ როლს უკიდურესი საჭიროების ჟამს. ამასთან, გვაჩვენა ახალი კადრების მომზადების, ჩვენი ახალგაზრდების ნიჭის, მათი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერის აუცილებლობა. ჩვენ უნდა დავეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენი ზომის და ადგილმდებარეობის ქვეყნისთვის სწორი მიმართულება და ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე საიმედო გზაა. ეს კი მაღალი კვალიფიკაციის გარეშე არ ხდება. ამ თვალსაზრისით სამწუხაროა, რომ ქუთაისის ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობა ჯერ სათანადოდ ვერ არის აღქმული.

რეგიონების გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მმართველობას დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა, მიეცეს მეტი ინიციატივის უფლება და მეტი მატერიალური, ადამიანური და პროფესიული რესურსი. პოლიტიკური კადრები რეგიონებში უნდა იწყებდნენ მოღვაწეობას და იქ მოიპოვებდნენ ნდობას. ამ თვალსაზრისით მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა. სოფლად დაბრუნება თავისთავად მოჰყვა პანდემიას. ახლა საჭიროა საფუძვლიანად მომზადდეს ეს პროცესი და ხელი შეეწყოს პროფესიონალი კადრების დამკვიდრებას სოფლად. ძლიერი რეგიონი ჩვენი მომავალი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი უნდა იყოს.

ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია! ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში! თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი  ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია.  ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება, იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ  ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი. უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი – „მედეა“, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში.

ამ პრიორიტეტებში ვგულისხმობ ონკოლოგიას, რათა დავიბრუნოთ რეგიონული ცენტრის ფუნქცია და ბავშვები ქვეყნიდან გასვლის გარეშე გადავარჩინოთ!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კულტურის შესახებაც: „კულტურა – დროა გავიაზროთ არა როგორც გართობა, არამედ როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაიჩაგრა პანდემიის პერიოდში. ამით საქართველო დაიჩაგრა, რადგან ქვეყნის გარეთ ჩვენ კულტურით გვიცნობენ, ქვეყნის შიგნით კი კულტურაა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა! ისიც უნდა ითქვას, რომ კულტურის სფერო  საკმაოდ უმოქმედო აღმოჩნდა ამ ურთულეს პერიოდში. უცხოეთში ბევრი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ ეარსება კულტურას ასეთ უჩვეულო და ურთულეს ვითარებაში. ჩვენთან ეს ნაკლებად მოხდა. საქართველოში კულტურას მეტი ყურადღება სჭირდება სახელმწიფოსგან, თუმცა საჭიროა დაფინანსების ძველი სისტემის გადახედვა, რათა წახალისდეს ინიციატივა, სტიმულირდეს კონკურენტუნარიანობა. ამ სფეროში საჭიროა მეტი ნოვაცია, მეტი შემოქმედებითი ენერგია, მეტი თავისუფლება და გამბედაობა. ამას სჭირდება ძლიერი მენეჯმენტი, საკუთარი ადგილის დანახვა და დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე.

ეკონომიკის ახალი პარადიგმა, პანდემიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ბაზრის პრინციპებზე აგებული ეკონომიკა ვერ პასუხობს მსოფლიო დონის გამოწვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სფეროს უზრუნველყოფისთვის კვლავ სახელმწიფოს ეკისრება და უნდა ეკისრებოდეს კიდეც. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს ახლებური ბალანსი, რომელშიც კერძო სექტორის თავისუფალი მოქმედების არეალი არ შეიზღუდება – პირიქით, უფრო დაცული გახდება – და სახელმწიფო სექტორის როლი კი, არსებითი დარჩება. როგორც ვნახეთ, სახელმწიფო სექტორის გაქრობის გეგმა აბსურდული აღმოჩნდა. თუმცა, ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა, მოქნილობა და ანგარიშვალდებულება ყოველ დახარჯულ ლარზე.

ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს რეალურ რესურსებს; რომელიც ახალგაზრდებს დაუბრუნებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილს, უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს – ჩვენს დიასპორას – სამშობლოსკენ შემოაბრუნებს; რომელიც გაგვიჩენს განცდას, რომ გადავლახეთ წარსული და ვაშენებთ მომავალს. ახალი პოლიტიკა ვერ იქნება დაპირისპირების, დაყოფის და დაშლის. როგორც წარსულში, ურთულეს პერიოდებში, დღესაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული პრინციპი „ერთობითა და თანადგომითა მტერსა ზედა ძლევაი“. ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი. რამეთუ, აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა! ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მე მინდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს, ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის! დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.