ნინო წილოსანი – სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს, ეს გვაფიქრებს, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან
ევროკავშირის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ როგორც სხვა სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს.
„ევროკავშირის ბიუროკრატების პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ევროკომისია კვლევებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ, სასამართლო სისტემებზე თუ განათლების რეფორმების თაობაზე. ამ კვლევებში საქართველო ყოველთვის კარგ შედეგებს დებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ასეთი პოზიტიური შეფასებით ეხმიანება. მათ კვლევაში საქართველოსთან დაკავშირებით ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5%-დან 7%-მდე გაზარდეს. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ არა მხოლოდ ამ ქვეყნებში. თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი. ამის ფონზე, საქართველოში ეკონომიკური წინსვლა, დარგობრივი განვითარება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დივერსიფიკაცია, რომელიც ამ კვლევაშია მოყვანილი, სიამაყის საშუალებას გვაძლევს. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა.