კატალონიის ახალარჩეული პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბება. სხდომაზე, რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, დეპუტატებმა კატალონიის პალატის მმართველი ორგანოს 7 წევრი – თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე და 4 მდივანი უნდა აირჩიონ. სპიკერის არჩევას დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. კარმე ფორკადელი, რომელიც კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, აცხადებს, რომ ამ პოსტზე ხელახლა კენჭისყრას არ გეგმავს. მისი თქმით, ახლა კატალონიის პარლამენტს “სასამართლო დავებისგან” თავისუფალი სპიკერი სჭირდება. პროკურატურა ფორკადელს ამბოხში ადანაშაულებს.
ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, პოლიტიკური ძალები კატალონიის ჟენერალიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს დაიწყებენ. ამისთვის მათ 10 დღე ექნებათ, რის შემდეგაც პარლამენტში ამ საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს.
ვინ დაიკავებს კატალონიის ლიდერის თანამდებობას, ჯერ უცნობი რჩება. ახალი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ცენტრისტებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის ხმები არ ჰყოფნით, ხოლო მოძრაობა “ერთად კატალონიისთვის” ითხოვს, რომ ავტონომიას კარლეს პუიჩდემონმა უხელმძღვანელოს.
ბრიუსელში მყოფი კატალონიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ ესპანეთში გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურამ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამიტომ პუიჩდემონი ითხოვს, რომ ის ამ თანამდებობაზე დისტანციურად აირჩიონ, რასაც მადრიდში ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რონ ეს კანონს არ შეესაბამება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ კატალონიის ახალ მეთაურად პუიჩდემონს აირჩევენ, ავტონომიაში მოქმედი სპეციალური რეჟიმი არ გაუქმდება და კონსტიტუციის 155-ე მუხლის მოქმედება გახანგრძლივდება.
კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართა. შედეგად, ცენტრისტებმა, რომლებიც ესპანეთის ერთიანობას უჭერენ მხარს 36 მანდატი მიიღეს, ხოლო პუიჩდემონის კოალიციამ “ერთად კატალონიისთვის” 34 მანდატი. პატიმრობაში მყოფი კატალონიის მეთაურის ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერესის პარტიას ახალ პარლამენტში 32 დეპუტატი ჰყავს. სოციალისტებმა 17 მანდატი მიიღეს.
ულტრამემარცხენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ესპანეთის მმართველი პარტიამ 4-4 მანდატი დაიმსახურეს.
შედეგად, კატალონიის ახალ პარლამენტში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებს საერთო ჯამში 70 დეპუტატი ეყოლებათ.