კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე 25 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Vanguardia ავრცელებს.
ესპანეთის პოლიციის ეკონომიკური და საგადასახდო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ და ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ბარსელონაში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც 1-ელ ოქტომბერს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის უკანონო დაფინანსებას უკავშირდებოდა. დაკავებულია სულ მცირე 25 პირი, რომელთა შორის ქალაქ ტორდერას მერი, მარტორელის ყოფილი მერი, ასევე ბარსელონის საქალაქო საბჭოს ყოფილი დეპუტატები არიან.
ბარსელონის საბჭოს, კატალონიის ჟენერალიტეტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში ჩხრეკა ჩატარდა. ოპერაციაში 500-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა.
დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან თანამდებობის დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაში, სახელმწიფო ფონდების არამიზნობრივ გამოყენებასა და ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში. ესპანეთის ნაციონალურ პოლიციაში ვარაუდობენ, რომ კატალონიის ყოფილმა ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბრამდე რეგიონული ბიუჯეტიდან ორიდან 17 მილიონ ევრომდე გაიტანა. გამოძიება მიიჩნევს, რომ სახსრები უკანონოდ გამოიყენეს რეფერენდუმის ორგანიზებისთვის.