საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის – ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.
მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა 2018 წლის 10 ოქტომბერს და გაიხსნება 9 ნოემბერს. სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტექნოპარკის საპროექტო სივრცე და 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯის მიმდინარე მშენებლობა, კასპში, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, შიდა ქართლის მაჟორიტარ დეპუტატთან – ირაკლი მეზურნიშვილთან და რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად დაათვალიერეს და უწყებების კოორდინირებული მუშაობის პროცესსა და შედეგებზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს რეგიონებში საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და დაბალანსებული განვითარების ხელშესაწყობად.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა კასპის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან. მნიშვნელოვანია, რომ ორივე პროექტი, როგორც პროფესიული კოლეჯის, ასევე ტექნოპარკის ერთდროულად დასრულდება. კასპის ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, როგორც ისწავლონ, ასევე იმუშაონ პრაქტიკულად, ანუ შეუთავსონ თავისი პროფესიული განათლება იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ტექნოპარკები გვაძლევს. კასპის ტექნოპარკში, ისევე როგორც თბილისის ტექნოპარკში, ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა, ტექნოლოგიებზე: 3D პრინტერებზე, სხვადასხვა დაზგებზე, ყველა იმ აღჭურვილობაზე, რომლითაც იქნება აღჭურვილი ტექნოპარკი. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა, როგორც საგრანტო დაფინანსებაში მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იქნება კასპში, მათ არ მოუწევთ ჩამოსვლა თბილისში, ეს იქნება ის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური განათლებისა და განვითარების ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს, მისცემს მათ პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს დაეფუძნება. სასწავლებელი ასევე ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რასაც ხელს შეუწყობს იმავე ტერიტორიაზე განლაგებული ტექნოპარკი.
„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა განვავითაროთ ინოვაციური სფერო. ეს არის სფერო, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ძალიან სწრაფად დავძლიოთ და შევამციროთ უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. მიხარია, რომ ასეთი პლატფორმა იქმნება კასპის რაიონში და მე ამის მონაწილე ვარ”, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ასევე კასპში, ახალ სასწავლო წელს გაიხსნა 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა. სკოლაში მუშაობს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.