კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების შესწავლა, თერმოსკრინინგი და საეჭვო შემთხვევებში ნიმუშების აღება.
როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, გამკაცრდება თუ არა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში პირობები, ეს ეპიდემიოლოგების კვლევის შემდეგ გადაწყდება.
„რეგიონში არის ინფიცირების ახალი შემთხვევები, მათ შორის მეტეხში ახალი ოთხი შემთხვევა. ესენი არიან ინფიცირებული მედდის ოჯახის წევრები. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები. მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოკვლევა. მოხდება ნიმუშების აღება. შედეგების მიღების შემდეგ მოხდება ინფორმაციის ანალიზი და ამის მიხედვით გადაწყდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
სოფელ მეტეხში მცხოვრები რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.