კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეული ტბორის მსგავსად, მსოფლიოს უდიდესი წყალსატევი — კასპიის ზღვა — სიცხის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ზომაში მცირდება. ამ შემთხვევაში, მიზეზი მწველი კლიმატია, ისეთი, როგორიც თანამედროვე მსოფლიოს ჯერ არ გამოუცდია.
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე კასპიის ზღვა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდება, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტემპერატურის მატებაა.
ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, 1996 წლიდან, კასპიის ზღვის წყლის დონე ყოველწლიურად 7 სანტიმეტრით მცირდება.
მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ბევრი დრო არ დარჩა მანამდე, სანამ ეს ჩაკეტილი მეგა-ტბა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ყაზახეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს — 1970-იან წლებში დაფიქსირებულ ისტორიულ დაბალ ნიშნულს ჩამოსცდება.
მეცნიერთა თქმით, 1979 წლის შემდეგ, კასპიის ზღვის ზედაპირზე ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, რის შედეგადაც გაიზარდა აორთქლება, ამ ყველაფრის უკან კი კლიმატის ცვლილება დგას.
მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის წყლის დონე რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მერყეობდა, გასულ წელს დაფიქსირებული სასტიკი ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ უფრო თბილი ტემპერატურით გამოწვეულ აორთქლებას უდიდესი გავლენა აქვს წყალსატევზე.
„ყველაზე დიდი ალბათობით, კასპიის წყლის დონის ცვალებადობა გრძელი პერიოდის მანძილზე, გამოწვეულია აორთქლებით, რომელსაც თითქმის მთლიანად აკონტროლებს ტემპერატურა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, გეოფიზიკოსი კლარკ უილსონი.
ჯგუფმა კვლევა შემთხვევით დაიწყო, როდესაც ისინი ჩართულები იყვნენ 2002 წელს გაშვებულ თანამგზავრ GRACE gravity field mission-ის მონაცემთა კალიბრაციაში.
როდესაც GRACE-ის მონაცემები დედამიწიდან შეგროვილ მონაცემებს შეადარეს, რომელთა შორის კასპიის ზღვის ჩანაწერებიც იყო, წყლის დონის მერყეობა შენიშნეს.
„გაგვიჩნდა სურვილი გაგვერკვია თუ რა იყო ამ მრავალმეტრიანი ცვლილებების გამომწვევი მიზეზი“, — ამბობს უილსონი.
„საინტერესო ადგილია, დიდი ხნის განმავლობაშიც სწავლობდნენ, თუმცა რეალური მიზეზი ბოლომდე არასოდეს გარკვეულა“.
თანამგზავრულ მონაცემების, ნალექებისა და ზღვაში მდინარეთა მიერ ჩატანილი წყლების შესწავლის შემდეგ, ჯგუფმა დაადგინა, რომ წყლის დონეზე აორთქლების ეფექტები გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი გავლენა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აორთქლებას ბევრად დიდი გავლენა აქვს, ვიდრე წვიმის წყალს ან ზღვაში მდინარეების მიერ ჩატანილ წყალს.
„თუკი კასპიის ზღვის რეგიონში ტემპერატურის ზრდა გაგრძელდება, ასევე გაიზრდება აორთქლების მაჩვენებელიც“, — განმარტავს საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური გეოდეზისტი ანი გაზენავი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
„თუ მდინარეთა მიერ ჩატანილი წყალი და ნალექები არ გაიზრდება, დისბალანსი კვლავ გაგრძელდება“.
ჯგუფის განცხადებით, ამჟამინდელი კლიმატური მოდელების მიხედვით, ბოლო 75 წლის განმავლობაში, აორთქლება შეიმჩნევა კასპიის ზღვის ჩრდილოეთ წყლებშიც.
ჩრდილოეთ ნაწილში, კასპიის ზღვა ყველაზე თავთხელია, სადაც წყლის სიღრმე ძირითადად 5 მეტრზე ნაკლებია — ფაქტობრივად, დასაკარგი ბევრიც აღარაფერია დარჩენილი.
ამჟამინდელი კვლევის მთავარი მიზანი არ ყოფილა სპეციფიკური შეფასებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს ითამაშებს ასეთი დიდი აორთქლება, მაგრამ ანალიზების მნიშვნელობა უდიდესია კასპიის ზღვის შემდგომი კვლევებისთვის.
ეს სულაც არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწის ზედაპირული წყლები ატმოსფერული პირობების გამო მნიშვნელოვნად იკარგება და ალბათ არც უკანასკნელი იქნება.
„თუკი ამ მიმართულებით დავინტერესდებით, საჭირო იქნება კლიმატის მოდელების თვალთვალი ან სამომავლო ტემპერატურათა პროგნოზების ერთობლიობის კვლევა, რათა მივიღოთ გარკვეული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სცენარი შეიძლება განვითარდეს კასპიის ზღვაში“, — აღნიშნავს უილსონი.
„ზღვის დონის კლების გაგრძელების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა რამდენიმე მეტრიც შეადგინოს, ჩვენ მივიღებთ ზომაში ბევრად შემცირებულ კასპიის ზღვას“.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით