„კარს მიღმა“ - ინგლისელი სტუდენტების ქართული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
„კარს მიღმა“ - ინგლისელი სტუდენტების ქართული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კრებულის „კარს მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართა.

კრებული ქართველი მწერლების მოთხრობებისა და პიესების ინგლისურენოვან თარგმანებს აერთიანებს, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელმა სტუდენტებმა თარგმნეს.

მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით, გამომცემლობა „სეზანმა“ წიგნის 500 ეგზემპლარი დაბეჭდა, საიდანაც ნახევარი გასაყიდად დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა. გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა ახალ გამოცემას მოხმარდება, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

თარგმანებზე მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და სტუდენტებთან და მათ პედაგოგებთან ერთად, სამუშაო პროცესში თავად ავტორებიც ჩაერთვნენ.

ინგლისელმა სტუდენტებმა ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, გოდერძი ჩოხელის, აკა მორჩილაძისა და ლაშა თაბუკაშვილის მოთხრობები და პიესები თარგმნეს.