კარლოს ტევესმა ციხეში ფეხბურთის თამაშის დროს ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს
„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდმა კარლოს ტევესმა პატიმრებთან ფეხბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კორდობას პროვინციის ერთ-ერთ ციხეში ძმის მოსანახულებლად იყო მისული, რომელსაც 16 წელი აქვს მისჯილი ინკასატორებზე თავდასხმის გამო. ფორვარდმა საპყრობილეში მსჯავრდებულებთან ფეხბურთის თამაში მოისურვა და ერთ-ერთმა პატიმარმა ფეხის არეში ტრავმა მიაყენა, – წერს გაზეთი Clarin.
თამაში 20-წუთიანი იყო და საკმაოდ ხისტ ხასიათს ატარებდა – პატიმრები არ ინდობდნენ ტევესს და ახლა, ფეხბურთელს არგენტინის ჩემპიონატისა და კოპა ლიბერტადორესის რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ამ მომენტისთვის, “ბოკა ხუნიორსი” ლიდერობს ეროვნულ პირველობაზე – უახლოეს მდევარს ექვსი ქულით უსწრებს.