კარლოს ტევესი კარიერის დასრულებას გეგმავს
კარლოს ტევესი კარიერის დასრულებას გეგმავს

„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდი კარლოს ტევესი უახლოეს პერიოდში აპირებს კარიერის დასრულებას, – ამის შესახებ ESPN იტყობინება.

წყაროს ცნობით, ტევესი თამაშს დაასრულებს მას შემდეგ, რაც მისი კლუბი კოპა ლიბერტადორესის გათამაშებიდან გამოვარდება. ჯერჯერობით, „ბოკა“ აგრძელებს ტურნირზე გამოსვლას – მერვედფინალში მისი მეტოქე ბრაზილიური „ინტერნასიონალია“.

36 წლის ტევესი „ბოკა ხუნიორსის“ გარდა თამაშობდა – „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსსა“ და „შანხაი შენხუაში“. მას სამჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი, თითოჯერ ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გაუმარჯვია ჩემპიონთა ლიგაზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში. ტევესი, აგრეთვე, იტალიის ორგზის ჩემპიონია.

არგენტინის ნაკრებში ტევესმა 76 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.