კარლ ჰარცელი - სტატუსი არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში, თუმცა ეს არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით
კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, კითხვა შეეხებოდა, რას ნიშნავს რეალურად, კანდიდატის სტატუსი? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე, ხომ არ არის აქ სხვა სახის სარგებელი?“.
ამასთან, კარლ ჰარცელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი.
„მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა ჰარცელმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, „თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს?“, ჰარცელმა აღნიშნა:
„მოსაზრებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნულის მიღწევის ვადები საქართველოს მთავრობის ხელშია.
როგორც კი ეს პრიორიტეტები ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადადის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი. ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კანონის სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებით, ე.წ. სკრინინგის პროცესი – რათა დადგინდეს, რა განსხვავებები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია. მოლაპარაკებების დროს, საქართველომ ასევე უნდა აჩვენოს, რომ მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისია ამ კანონების აღსასრულებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.