კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს
კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს

ჩემი იმედი და რწმენაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას, დანარჩენებს შეუერთდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც დაეხმარება, რომ შეთანხმების პუნქტები შესრულდეს.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შეერთება ასევე დაეხმარება სხვებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და იმ სამუშაოს ნაწილი არიან, რაც შესასრულებელია, მათ შორის სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების, რაზე მუშაობაც ამ პარლამენტს მოუწევს საქართველოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ჰარცელმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ჯერ არ შესულა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, გადაწყვეტილება თვის ბოლოს გახდება ცნობილი.