კარლ ჰარცელი - პარტნიორებთან ერთად, ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, ვრჩებით ერთიანნი უკრაინის სუვერენიტეტისადმი, იმავე პრინციპს ვუჭერთ მხარს საქართველოსთან მიმართებითაც
კარლ ჰარცელი - პარტნიორებთან ერთად, ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, ვრჩებით ერთიანნი უკრაინის სუვერენიტეტისადმი, იმავე პრინციპს ვუჭერთ მხარს საქართველოსთან მიმართებითაც

მ​ხარს ვუჭერთ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლითაც ევროპული უსაფრთხოების წესრიგი ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს არის პრინციპი, რომ ქვეყნებმა თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების მიმართულება, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს კახეთში სტუმრობისას განუცხადა.

„ეს ვიზიტი, ისევე, როგორც ყველაფერი ამ დღეების განმავლობაში, მიმდინარეობს იმ ძალიან საშიში სიტუაციის ჩრდილში, რაც ხდება უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ. სიტუაცია საშიშია, რასაკვირველია, რეგიონისთვის, ევროპისთვის. ასევე, გლობალურად. ევროკავშირმა დაგმო პროვოკაციები აღმოსავლეთ უკრაინაში, მძიმე შეიარაღების გამოყენება და სამოქალაქო სივრცეების დაბომბვა. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან – ნატო-სთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, ეუთო-ში ასახული ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე ვრჩებით ერთიანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ეს არ დადგეს ეჭვქვეშ და არ იყოს ძალადობის საფრთხის ქვეშ. რასაკვირველია, იგივე ფუნდამენტური პრინციპია საქართველოსთვისაც და იმავე პრინციპს სწორედ აქაც ვუჭერთ მხარს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლითაც ევროპული უსაფრთხოების წესრიგი ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს არის პრინციპი, რომ ქვეყნებმა თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების მიმართულება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების თვალსაზრისითაც. ჩვენ, სოლიდარობის ნიშნად, კიდევ ერთხელ, ვდგავართ პარტნიორებთან ერთად. ვეყრდნობით ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს. სამწუხაროდ, მოსკოვი არათუ არ უჭერს მხარს ამ პრინციპებს, არამედ აქტიურად ცდილობს ამ პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.