კარლ ჰარცელი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება
კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან. განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისა და მანდატების გაუქმების საკითხის განხილვის თაობაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
როგორც ელჩმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს.
„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან. განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს. უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა“, – განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.