პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს
პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება.

საპარლამენტო უმრავლესობაში გასულ კვირაში არ დააკონკრეტეს, პარლამენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციონერებს სადეპუტატო უფლებამოსილებას. მმართველ გუნდში თქვეს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გეგმავენ, თუმცა აღნიშნეს ისიც, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. მათ შორის, საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო. მან განაცხადა, რომ ოპოზიციას კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით დეკემბერში მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათგან „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე შევიდნენ.

51 ოპოზიციონერთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება.

რაც შეეხება მათ, ვისთან დაკავშირებითაც 2 თებერვალს იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ესენი არიან – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.