კარლ ჰარცელი - „კოვიდ-19“ ამ არჩევნებისთვისაც წარმოადგენს გამოწვევას სხვადასხვა სახით
„კოვიდ-19“ ამ არჩევნებისთვისაც წარმოადგენს გამოწვევას სხვადასხვა სახით და ერთ-ერთი გამოწვევაა, რამდენად მოვახერხებთ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, აუცილებელია, აქ იყოს ოდირის დამკვირვებლები, მაგრამ ამ ცვალებად დროში ძალიან რთულია საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანა, ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს რთულია და დიდ გამოწვევას წარმოადგენს. არის მათი სურვილი, რომ ამ არჩევნებისთვის დამკვირვებლები გამოაგზავნონ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ შეძლონ, ჰქონდეთ სათანადო რესურსი, სათანადო მონაწილეები, რომლებიც ჩამოვლენ და დააკვირდებიან არჩევნებს. ანუ, თუ წევრი სახელმწიფოებისგან იქნება საჭირო მხარდაჭერა. ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ და მე და ჩემს კოლეგებს ძალიან აქტიური დიალოგი გვაქვს. ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვწევთ იმისთვის, რომ ოდირს შეეძლოს ასეთი დამკვირვებლების ჩამოყვანა. ჩვენ მივაწვდით სათანადო მხარდაჭერას, რომ დროულად იყოს უზრუნველყოფილი მათი ჩამოსვლა, როგორც მცირევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლების“, – განაცხადა ჰარცელმა.
მისი თქმით, ოდირს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ საჭირო იქნება მათთვის მეტი მხარდაჭერა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ოდირი შეძლებს ამის გაკეთებას, მაგრამ საჭირო იქნება გაცილებით მეტი ძალისხმევა და მათთვის ბევრი მხარდაჭერა, ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ჰარცელმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეარჩია თუ არა ოდირმა გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები, რაზეც კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს.
შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან იმ მიმართულებით, რომ დამკვირვებლების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები დაინიშნოს, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და მათ შორის, საქართველომაც, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო პირობები დამკვირვებელთა ჩამოსაყვანად სხვადასხვა ქვეყნიდან, ისეთი გზით, რომელიც ყველასთვის უსაფრთხო და ამავე დროს, ეფექტური იქნება.
„ჯერჯერობით, მე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეაგირება ძალიან პოზიტიური იყო. მათი მხრიდან არის მზადყოფნა. ისინი სათანადო პირობებს ქმნიან, რათა ოდირს ამ თემაზე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.