კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, ხვალინდელ მოლაპარაკებებზე რაღაც ახალს ვიხილავთ
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, ხვალინდელ მოლაპარაკებებზე რაღაც ახალს ვიხილავთ

იმედი მაქვს, მოლაპარაკებებზე რაღაც ახალს ვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ხვალინდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი შედგა, თუმცა ასევე საჭიროა, პროცესი წინ მიდიოდეს.

„კიდევ ერთხელ შესახვედრად კარგი საფუძველი არსებობს. იმედი მაქვს, მოლაპარაკებებზე რაღაც ახალს ვიხილავთ. ეს იქნება აზრთა გაცვლისთვის კარგი საფუძველი. არ მივიჩნევ, რომ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი შედგა, თუმცა ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ წინ მივიწევთ. ეს არის ჩემი მოლოდინები ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დიალოგის მიზანი სწორედ ის არის, რომ ორივე მხარემ იპოვოს სივრცე, რომელშიც ერთიანი იქნებიან. უნდა არსებობდეს კომპრომისის სურვილი. დიალოგის საშუალებით შედეგის მიღწევას აქვს დიდი პოტენციალი, რომ შეიქმნას ყველა მხარისთვის სასარგებლო სიტუაცია, შედეგად კი, მხარეები გაძლიერდებიან. ეს კარგი იქნება პოლიტიკური სიტუაციისთვის და მომგებიანი იქნება ყველა მხარისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართება.