კარლ ჰარცელი - ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს უახლოესი პარტნიორია, ვიმედოვნებ, მომდევნო წლებში საქართველო ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს [ვიდეო]
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს უახლოესი პარტნიორია, ვიმედოვნებ, მომდევნო წლებში საქართველო ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს [ვიდეო]

ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში.

„გამარჯობა, მე ვარ კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი. შესაძლებლობა მომეცა, რომ თითქმის სამი წელი გამეტარებინა საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი.

საქართველო მართლაც ულამაზესი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფები – სვანეთის თოვლიან მთებში, აჭარის მწვანე სანაპიროზე, ჩაის პლანტაციების შუაგულში გამავალ გურიის გზებზე, კახეთის მდიდარ ვენახებში, თუ სხვა უამრავ თვალწარმტაც ადგილას. მე ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი საქართველოს შთამბეჭდავ კულტურულ მემკვიდრეობას, დამეგემოვნებინა ქვევრის ღვინო და ხინკალი, დავმტკბარიყავი მრავალხმიანი მუსიკით და აღვფრთოვანებულიყავი საქართველოს გრძელი და გამორჩეული ისტორიული კვალით.

შევხვდი ძალიან ბევრ შემოქმედებით და ამბიციურ ადამიანს, რომლებიც ავითარებენ ტურიზმის სექტორს, აწყობენ თანამედროვე ღვინის მარნებს, აღორძინებენ ჩაის პლანტაციებს და საკუთარ ადგილს იკავებენ მსოფლიო მოდის რუკაზე.

საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს. ამის მაგალითია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და რეკორდული რაოდენობის ქართველი სტუდენტი, რომელიც განათლებას ევროპაში იღებს. ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა.

ჩვენ დღეს საქართველოს განახლების დღის წესრიგის ნაწილი ვართ, ვეხმარებით რა ფერმერებს, ბიზნესებსა და რეგიონებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – ამბობს კარლ ჰარცელი ვიდეოში.