კარლ ჰარცელი - დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა.
„დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს დღეს. ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება.
ამიტომ, ჩვენ მიზნად 30 წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ „ევროპულ მწვანე შეთანხმებას“ (EU Green Deal) ვუწოდებთ.
ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს – საქართველოს – გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ!”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში მომდევნი დღეებში ევროკავშირი, საკუთარი საინფორმაციო არხების საშუალებით, გამოაქვეყნებს ინფორმაციას ,,ევროპული მწვანე შეთანხმების,“ საქართველოზე მისი როლის, ევროკავშირის მიერ სქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობითვე, ევროპული მწვანე შეთანხმება არის ევროკომისიის პოლიტიკური ინიციატივების ნაკრები, რომლებსაც აერთიანებს საერთო მიზანი, კერძოდ, 2050 წლისთვის ევროკავშირი გახდეს მსოფლიოში პირველი „კლიმატ-ნეიტრალური გაერთიანება“. ის ეხება სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მშენებლობას, ბიომრავალფეროვნებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, კვების მრეწველობას.