კარლ ჰარცელი - ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ უვიზო რეჟიმი წარმატებით გაგრძელდება
ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი უვიზო რეჟიმი წარმატებით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღესდღეობით კარგად ვმუშაობთ და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი უვიზო რეჟიმი წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმი დიდი გამარჯვებაა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის და ეს არის რაღაც, რასაც ადამიანები ძალიან აფასებენ.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ნამდვილად სწორი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც. რადგანაც ევროპაში 40 000-მდე ქართველი მგზავრობდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაოდენობა იზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს – თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა და ზოგჯერ კრიმინალიც. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამის გამო ფიქრდებიან და ეს საკითხი სერიოზულად უნდა იყოს განხილული, მაგრამ პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ მეტიც არის გასაკეთებელი.
„ჩვენ გავაკეთებთ ამას. უახლოეს დღეებში ჩვენ შევთანხმდებით რიგ საკითხებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ საკითხებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ხალხის მცირე რაოდენობამ, ვინც ამას უარყოფითად იყენებს, უმრავლესობას ეს არ გაუფუჭოს“, – განაცხადა ჰარცელმა.
კარლ ჰარცელმა ასევე განაცხადა, რომ მესამე ქვეყნის უსაფრთხოდ გამოცხადება არის ეროვნული, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის შეფასების საფუძველზე, რასაც თავად მასპინძელი ქვეყანა ახორციელებს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ, დაჩქარებული პროცედურები ხდება. ეს არ ნიშნავს იმას, არიან თუ არა უფლებამოსილნი თავშესაფრის მაძიებლები. ეს არ ნიშნავს, რომ იქიდან ვინმეს გამოაგდებენ. თავშესაფრის მინიჭების უფლება ნებისმიერი ქვეყნის ვალდებულებაა. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ნიშნავს, რომ მასპინძელ ქვეყანას შეუძლია თავშესაფრის მაძიებელთა პროცედურები უფრო სწრაფად ჩაატაროს და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვიზიტთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამ განცხადებით კარლ ჰარცელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საფუძვლიანია ქართველი ემიგრანტების განცხადებები, რომლებმაც ქალაქ მონპელიეში აქციები გამართეს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების გამო, ევროკავშირის თორმეტი ქვეყანა ქართველებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას არ აპირებს და მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ჩავიდა, მათი მდგომარეობა გართულდა.