კარლ ენტონი ტაუნსმა კორონავირუსი დაამარცხა და დღეს „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წაგებულ მატჩში პარკეტზე გამოჩნდა. არასრულ 31 წუთში ტაუნსმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „მინესოტას” ცენტრისთვის გასული წელი კოშმარული გამოდგა. ენტონიმ კორონავირუსის გამო ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის დედაც დაკარგა.
„კლიპერსთან“ მატჩის შემდეგ კარლ ენტონი ტაუნსმა ჟურნალისტებთან კორონავირუსზე და ინფიცირების პერიოდში საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა. ტაუნსი რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ვირუსმა მასზე ვერაგულად იმოქმედა.
„პარკეტზე ვიღიმებოდი, ვამაყობ რომ აქამდე მოვედი. საქმე ძალიან სერიოზულად იყო. ხანდახან ვფიქრობდი, რომ დარბაზში სათამაშოდ ვეღარასდროს მოვხვდებოდი. კორონავირუსმა ყველაფერი შეაჩერა. მე მაღალ რისკ-ჯგუფში ვარ და ვირუსმა ძალიან დამაზიანა. ბევრი საშიში ღამე გამოვიარე და ჩემს სიცოცხლესაც კი შეექმნა საფრთხე.
ყველა განსხვავებულია და ჩემმა კონდიციამ გაამწვავა ვირუსის მიმდინარეობა. გენეტიკურად დედაჩემთან ახლოს ვარ და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებიც ძალიან რეალურია. ამას მთელი ცხოვრებაა ვუმკლავდები და დედაჩემმა ყოველთვის იცოდა, როგორ დამხმარებოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ მკურნალობის გამო, რომელიც მივიღე და სხვებს ხელი არ მიუწვდებოდათ. დანაშაულის შეგრძნება მაქვს ჩემი რესურსების გამო და მსურს მათი გაზიარება,“ – განაცხადა კარლ ენტონი ტაუნსმა.
ტაუნსის შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ სახიფათოა COVID 19 რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.