„კარფური“ კომპანიის ერთ-ერთი ობიექტისთვის საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება
„კარფური“ კომპანიის ერთ-ერთი ობიექტისთვის საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება

„კარფური“ მჭიდროდ თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა გამოიკვლიოს შესაძლო ინტოქსიკაციის მიზეზი და უზრუნველყოს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაცვა ჩვენს ყველა მაღაზიაში, – ამის შესახებ „კარფურის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც კომპანია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „კარფურის“ ერთ-ერთ ობიექტისთვის საწარმოო პროცესის შეჩერებას ეხმაურება.

„კარფური“ მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენი პირველი პრიორიტეტია. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა გამოიკვლიოს შესაძლო ინტოქსიკაციის მიზეზი და უზრუნველყოს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაცვა ყველა ჩვენს მაღაზიაში.

შეგახსენებთ, რომ „კარფურის“ თითოეული მაღაზია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სისტემატურად მოწმდება. რომელიმე სუპერმარკეტსა თუ ჰიპერმარკეტში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კარფურის მხრიდან მისი აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში ხორციელდება ასევე, უმოკლეს ვადებში ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაციის 100%-ით შესრულება.

„კარფური“ ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მიესალმება სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ კარფურის ყველა მაღაზიას რეგულარულად უტარდება ჰიგიენის აუდიტი, ასევე, ხდება პროდუქტებისა და ზედაპირების ნიმუშების გაგზავნა დამოუკიდებელ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.