სუპერმარკეტების ორი ევროპული გიგანტური ქსელი, ფრანგული „კარფური“ და ბრიტანული „ტესკო“გრძელვადიან სტრატეგიულ ალიანსს ქმნიან.
ალიანსის შექმნის შესახებ „კარფურმა“ და „ტესკომ“ დღეს განაცხადეს. კომპანიების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ალიანსი ორ თვეში გაფორმდება და სამ წელს გასტანს.
აღნიშნული თანამშრომლობა ევროპის საცალო სექტორის ბაზარზე ბოლო დროს განხორცილებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგებაა და ხარჯების შემცირებას ემსახურება. ანალიტიკოსების აზრით, ალიანსის მთავრი მიზანი ევროპის ბაზარზე ამერიკელი კონკურენტის, ინტერნეტ-კომერციის გიგანტ „ამაზონის“ ბოლო დროს გაძლიერებული პოზიციების შესუსტებაა.
„კარფურის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ალიანსი გლობალურ მიმწოდებლებთან ერთიანი სტრატეგიული კავშირების დამყარებას გულისხმობს. ასევე პარტნიორები ერთობლივად შეისყიდიან საკუთარი ბრენდული პროდუქტის იმ ნაწილს, რაც ხელახალი გაყიდვისთვის არ არის განკუთვნილი.
„კარფური“ ევროპის მასშტაბით უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელია და წლის დასაწყისში ფასებისა და მუშახელის შემცირების შესახებ განაცხადა. შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია ელექტრონული ვაჭრობის წახალისებას და ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებასაც გეგმავს.