რეგლამენტის პროექტი საპარლამენტო კომიტეტებისთვის დღის წესრიგის სამი დღით ადრე გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრებას ითვალისწინებს
რეგლამენტის პროექტი საპარლამენტო კომიტეტებისთვის დღის წესრიგის სამი დღით ადრე გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრებას ითვალისწინებს

მესმის, რომ გვინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, ბოლო წამს დავამატოთ, ამოვყაროთ საკითხები, ბოლო წუთში ჩავნიშნოთ კომიტეტის სხდომები, მაგრამ ეს არის პარლამენტი, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვისას გააკეთა.

ჩუგოშვილის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტებს დღის წესრიგის გამოქვეყნებას სამი დღით ადრე ავალდებულებს.

„გვაქვს მოსაზრება, რომ კომიტეტებმა დღის წესრიგები გამოაქვეყნონ სამი დღით ადრე. საკმაოდ ბევრი შენიშვნა მივიღეთ, განსაკუთრებით კომიტეტებისგან ამასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება ტემპს და ჩვენი საქმიანობის განჭვრეტადობას. მესმის, რომ გვინდა გვქონდეს შესაძლებლობა, ბოლო წამს დავამატოთ, ამოვყაროთ საკითხები, ბოლო წუთში ჩავნიშნოთ კომიტეტის სხდომები, მაგრამ ეს არის პარლამენტი და პარლამენტის საქმიანობაზე ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება წვდომა, სჭირდება ინფორმაცია წინასწარ, სჭირდება დღის წესრიგი წინასწარ, რომ იცოდეს, რა განიხილება და არამხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის იყოს ბოლო წუთში ცნობილი, თუ როდის და რაზე ტარდება კომიტეტის სხდომა, არამედ იყოს ფართო საზოგადოებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ჩვენ თუ ვერ შევძლებთ და ვერ დავაფიქსირებთ მყარად, რომ რამდენიმე დღით ადრე კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თქვას, რა საკითხებს იხილავს, მიჰყვეს ამ პრინციპს და ამ წესს, ჩვენ ვერ ჩავდგებით ისეთ მწყობრში, როგორ მწყობრშიც სხვა პარლამენტები დგანან და რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს კანონპროექტების დაჩქარებულად განხილვის წესი.

„კანონპროექტების დაჩქარებულად განხილვა, სამწუხაროდ, არც ისე კარგი პრაქტიკაა. ძალიან ხშირად ითხოვს მთავრობა თუ სხვადასხვა სუბიექტი მნიშვნელოვანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას, რაც პარლამენტს არ აძლევს დროს და შესაძლებლობას, რათა სიღრმისეულად იმსჯელოს კანონზე. გარკვეული ბარიერები უნდა შეიქმნას დაჩქარებული წესით კანონების განხილვასთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ბიუროს წევრებზეა პასუხიმგებლობა, რომ დაჩქარებულს როდესაც დაუსაბუთებლად ითხოვს ვინმე, ამაზე არ დავთანხმდეთ. მომთხოვნმა წერილობით უნდა დაასაბუთოს დაჩქარების მიზეზი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.