კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ან მისი გაუქმების შემდეგ, პრივატიზებულ ქონებაზე თბილისის საკრებულოსგან საინვესტიციო პირობების შეცვლა მოითხოვოს
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ან მისი გაუქმების შემდეგ, პრივატიზებულ ქონებაზე თბილისის საკრებულოსგან საინვესტიციო პირობების შეცვლა მოითხოვოს

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის საკრებულოს მიმართოს, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის ან მიმღებისთვის, სარგებლობის უფლებით ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის, გაუქმების ან ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.

შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტს უფლება ეძლევა, საგანგებო მდგომარეობის დროს, ან მისი გაუქმების შემდეგ გამოიყენოს ეს უფლებამოსილება.

ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება ეძლევა 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე და ამ პერიოდიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ლურსმანაშვილი კანონპროექტში აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, გარკვეული ობიექტური მიზეზები გამო, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეშლა მოხდეს და ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია, რომ მუნიციპალიტეტს გარკვეული ბერკეტები ჰქონდეს, რათა გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ბიზნეს სექტორს.

„დღეს მოქმედი კოდექსის შესაბამისად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილია, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებით, გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს თბილისის საკრებულოს. თუმცა, ამ დებულებიდან გამომდინარე, ფინანსურ და საინვესტიციო პირობის შეცვლის უფლება კოდექსით არ არსებობს. აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლის შესაძლებლობას, კოდექსი (მუხლი 1632) მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ თბილისის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ანუ, ამ თარიღის შემდგომ განკარგულ ქონებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეღავათის გამოყენება კოდექსით დაუშვებელია“, – განმარტავს ცვლილებების ავტორი.

დეპუტატი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, არა თუ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ებრძვის ახალ კორონა ვირუსს, რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები და ცხადია, ეს მძიმე ტვირთად აწვება ბიზნეს სექტორს.

„ამას ემატება ის გარემოება, რომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც დამატებით დაკავშირებულია მთელ რიგ უფლებათა შეზღუდვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით მოხდება ბიზნესისათვის გარკვეული შეღავათების დადგენა. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, რომ თუ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის, გაუქმების ან ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. რაც შეეხება მთავრობის წინადადების შინაარსს, ცხადია, ეს დაკავშირებული იქნება საგანგებო მდგომარეობის შინაარსთან და მის მასშტაბებთან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, საშეღავათო წინადადების შინაარსს განიხილავს კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ცვლილებების ავტორი კანონპროექტში.

კობა ლურსმანაშვილი კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.