კანონმდებლობაში მოქალაქისთვის ქვეყნიდან დროებით გასვლაზე უარის თქმის საფუძვლები კონკრეტდება
ქართულ კანონმდებლობაში მოქალაქისთვის საქართველოდან დროებით გასვლაზე უარის თქმის საფუძვლები კონკრეტდება.
შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის შესახებ“ კანონში შედის და ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყნებში, რომელთანაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა მას არ აქვს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაცია, ესენია: ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია ბოლო ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამი თვეა; უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს, ან საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი, ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი, ან ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი; სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.