კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა

კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა. შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კანონის უზენაესობის მიხედვით პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს პოზიცია კანონის უზენაეოსბის ინდექსის რეიტინგში არ შეცვლილა. რაც შეეხება 2020 წელს, საქართველო 42-ე საფეხურს იკავებდა.

ანგარიშში 140 ქვეყანა შეფასებულია რვა მაჩვენებლის მიხედვით, ესენია – სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი.

რეიტინგში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება – დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს. ამასთან, კანონის უზენაესობის ინდექსით უკრაინა 76-ე ადგილზეა. კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, რუსეთი 107-ე ადგილს იკავებს.