კანის ცხიმოვანი უჯრედები შეიძლება გადამწყვეტი იყოს აკნესთან საბრძოლველად — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
კანის ცხიმოვანი უჯრედები შეიძლება გადამწყვეტი იყოს აკნესთან საბრძოლველად — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ჩვენს კანში არსებული უჯრედები, რომლებიც ცხიმოვან მჟავებს წარმოქმნიან, აკნეს გამონაყარში შეიძლება დიდ როლს ასრულებდნენ. ადამიანის აკნესა და თაგვის კანზე ჩატარებულმა ახალმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ მუწუკებსა და დაზიანებებს მჭიდროდ არეგულირებს ცხიმის წარმომქმნელი ფიბრობლასტები.

ფიბრობლასტები ჩვენი სხეულის შემაერთებელი ქსოვილის უჯრედების ყველაზე გავრცელებული ტიპია; ისინი წარმოქმნიან და ინარჩუნებენ ჩვენი კანის სტრუქტურას, ამავე დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჭრილობების შეხორცებაშიც. თუმცა, აკნეში მათი როლი შედარებით შეუმჩნეველი იყო.

მკვლევრებმა ახლახან გამოავლინეს, რომ კანის ფიბრობლასტების ქვეჯგუფს — ცხიმოვანი უჯრედების წინამორბედებს — შეიძლება ამუშავებდეს მუწუკების წარმომქმნელი ცნობილი ბაქტერია Cutibacterium acnes-ი, რომელიც იწვევს აკნესათვის დამახასიათებელ ანთებას.

ამ ინფექციასთან პირისპირ აღმოჩენისას, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ფიბრობლასტები სტიმულირდებიან და ცხიმოვან უჯრედებად გადაიქცევიან, პროცესში, რომელსაც ადიპოგენეზი ეწოდება. ამ დროს, ეს პროცესი ასევე იწვევს ანტიმიკრობული თვისებების მქონე პეპტიდ კათელიციდინის გამოთავისუფლებას.

„ამ აღმოჩენამ შეიძლება აკნეს მკურნალობის გზა სრულიად შეცვალოს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ აკნეს განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თმის ფოლიკულები. ამ კვლევაში, შევისწავლეთ თმის ფოლიკულებს გარეთ არსებული უჯრედები და დავადგინეთ, რომ მათ მნიშვნელოვანი ეფექტი აქვთ ბაქტერიის კონტროლზე და აკნეს განვითარებაზე“, — ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის დერმატოლოგი რიჩარდ გალო.

აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. წლების განმავლობაში, კვლევებმა აღმოაჩინა მისი გამომწვევი მთელი რიგი ფაქტორები და ძირითადი მექანიზმები, მაგრამ ბევრი რამ ჯერ მაინც უცნობია და მეცნიერებიც ძებნას განაგრძობენ.

კვლევათა უმეტესობა აქამდე ფოკუსირებული იყო თმის ფოლიკულებზე და მის დამხმარე ცხიმოვან ჯირკვლებზე, რომლებიც ფორებს პოხავს და კანს მკვდარი უჯრედებისა და ჭუჭყისგან ასუფთავებს. აკნეს მქონეებში, ფოლიკულები შეიძლება გაიჭედოს, დაიხუროს და მათში გარკვეული ტიპის ბაქტერიები გამრავლდნენ, რასაც ტოქსინების გამოყოფისა და სხვა ადგილობრივ ეფექტთა გამო მოსდევს ანთება.

მწვავე აკნეს შემთხვევაში ეფექტიანია ადგილობრივი რეტინოიდები, რადგან ისინი ფორებს ხსნიან და ანთებას ამცირებენ. მაგრამ ისინი შეიძლება სხვა გზითაც დაგვეხმაროს.

აკნეს პაციენტების კანის ბიოფსიამ ცხადყო, რომ რეტინოიდები კანის ზოგიერთ ფიბრობლასტებში ზრდიან კათელიციდინის ექსპრესიას, ამავე დროს, ახლად წარმოქმნილი ცხიმოვანი უჯრედების გამო ამცირებენ უფრო მეტი ბაქტერიის ზრდას. იგივე შედეგები აჩვენა თაგვებზე ჩატარებულმა ტესტებმაც.

„როგორც ჩანს, აკნეს განვითარებაზე ფიბრობლასტების გავლენა ასახავს ბალანსს მასპინძელსა და მიკრობს შორის. C. acnes-ს მიერ სტიმულირებული უჯრედები კათელიციდინის ექსპრესიას ახდენენ, რომელსაც C. acnes-ს საწინაღმდეგო აქტივობა აქვს, ხოლო ლიპიდების სინთეზის გაზრდილი ინდუქცია როგორც ჩანს, ხელს უწყობს C. acnes-ს ზრდას“, — წერენ მკვლევრები.

ორლესილ ხმალს ჰგავს, მაგრამ თუ გავიგებთ, როგორ შევანელოთ იმუნური თავდასხმის ერთი მხარე, აკნეს შეიძლება უფრო პირდაპირ ვუმკურნალოთ.

ამჟამად, რეტინოიდებით მკურნალობა მხოლოდ მწვავე შემთხვევებში ინიშნება, რადგან პაციენტის დაორსულების შემთხვევაში, მათ შეიძლება ფატალური პათოლოგიები გამოიწვიონ. თუ მკვლევრები დაადგენენ, რა აიძულებს ფიბრობლასტებს კათელიციდინის წარმოებას, აკნესთან ბრძოლა შეიძლება უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტებით გახდეს შესაძლებელი.

კვლევა Science Translational Medicine-შ გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucsdnews.ucsd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.