კანადური მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ბახმუტთან ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა
ბახმუტისთვის ბრძოლაში ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა, – შესაბამის ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
დაღუპულები 27 წლის კაილ პორტერი და 21 წლის კოულ ზელენკო არიან. ისინი უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონში იბრძოდნენ. არსებული ცნობებით, კანადის მოქალაქეები ბახმუტთან 26 აპრილს საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ.
კანადელი მოხალისეები უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბახმუტში მომარაგების საკვანძო გზის შენარჩუნების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. როგორც კანადურ მედიასთან მათი ჯგუფის მეთაური აცხადებს, პორტერთან და ზელენკოსთან ერთად, სულ მცირე, სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
კანადურ გამოცემა CBC News-თან ბოლო მიმოწერაში კაილ პორტერი ბახმუტის გარშემო შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობდა და არსებულ ვითარებას „ხორცსაკეპ მანქანას“ ადარებდა. CBC News-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში კანადის ხუთი მოქალაქე დაიღუპა.