კანადის საგარეო უწყება - 8 იანვრის შემდეგ კანადას ისრაელში იარაღის ექსპორტზე ახალი ნებართვა არ გაუცია, ასე გაგრძელდება, ვიდრე კანადური კანონის შესაბამისად გამოყენება არ იქნება უზრუნველყოფილი
8 იანვრის შემდეგ კანადას ისრაელში იარაღის ექსპორტის ახალი ნებართვა არ გაუცია. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის კანადური კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, შეიარაღების ექსპორტზე 8 იანვრამდე გაცემული ნებართვები ძალაში რჩება.
„კანადას მსოფლიოში იარაღის ექსპორტის ნებართვის გაცემის ერთ-ერთი უმკაცრესი რეჟიმი აქვს. ისრაელში ლეტალური ტვირთის ექსპორტზე ღია ნებართვა არ არის. 8 იანვრის შემდეგ მთავრობას არ დაუმტკიცებია ისრაელში იარაღის ექსპორტის ახალი ნებართვები და ეს გაგრძელდება, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ ჩვენს საექსპორტო რეჟიმთან სრულ შესაბამისობას“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებაში.
კანადაში მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს იარაღის ექსპორტს ისეთ შემთხვევაში, თუ ეს იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებში ან ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის სერიოზულ ქმედებებში. ექსპორტის ნებართვის გაცემისას მთავრობამ ასევე უნდა შეაფასოს, ეს იარაღი ხელს შეუწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებას თუ ძირს გამოუთხრის. კანადის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მთავრობას მოუწოდებს ისრაელში იარაღის ექსპორტის შეწყვეტისკენ. კანადამ, რომელიც არ არის ისრაელისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელი, განაცხადა, რომ იანვრიდან შეაჩერა არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი ისრაელში, ადგილზე სწრაფად განვითარებული მოვლენების გამო.